თავდაცვის მინისტრი დიდგორის მემორიალთან „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა
16 მაისი 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს დიდგორის ბრძოლის მემორიალთან იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსები გაიარეს. ნავიგაცია, ტოპოგრაფიის საფუძვლები, ადგილზე ორიენტირება, თვითგადარჩენის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარება, იარაღის თეორიული შესწავლა, შეიარაღების ნომენკლატურა, სალაშქრო აღჭურვილობის სპეციფიკა, სალაშქრო საქმე - ეს ის საკითხებია, რაც ახალგაზრდებმა ორი თვის განმავლობაში შეისწავლეს. 

მათ სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა და მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, შესაბამისად, სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს უწყება მომავალშიც მხარდაჭერას ჰპირდება.  

კურსის წარმატებით დასრულებისთვის 110 მოქალაქეს სერტიფიკატები და "აისის" სამხრეები გადაეცათ. მათგან 35 გამორჩეული წევრი კამუფლირებული სამხრეებით დაჯილდოვდა. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ახალგაზრდებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის უწყებამ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ახალი სამხედრო ფორმები და აღჭურვილობა გადასცა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები, „აისის“ კურსდამთავრებულთა გულშემატკივრები, ასევე ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ.

საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისს“, ასევე „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ თავდაცვის სამინისტრო, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.

ვიდეო რეპორტაჟი