საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები საერთაშორისო სწავლებაში „ტროას ნაკვალევი 2022“ მონაწილეობდა 
14 მაისი 2022
ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCEUR) ორგანიზებით ევროპის კონტინენტზე ორკვირიანი მასშტაბური სწავლება გაიმართა. მასში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა. 
საქართველოს მხრიდან სწავლებაში სოძ-თან ერთად ასევე მონაწილეობდა ერ. გვარდიის სამხედრო სარეზერვო ქვედანაყოფი და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
სწავლება ევროპის კონტინენტზე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობდა. საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, რუმინეთისა და ესპანეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში გადიოდნენ ერთობლივ მომზადებას. 
 
„ტროას ნაკვალევი 2022“ ნატოს წევრი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების კოლექტიური სამხედრო მზადყოფნისა და ნებისმიერ პოტენციურ კრიზისთან გამკლავების დემონსტრირებას, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საბრძოლო თუ სამშვიდობო მისიებში ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 
ორი კვირის განმავლობაში სწავლებაში მონაწილე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ქვედანაყოფებმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების უნარჩვევებიც დახვეწეს.