„ძლიერთა თამაშებზე“ საქართველოს ნაკრებმა დამატებით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 
19 აპრილი 2022

ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვა. გუნდის ჯილდოებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შეემატა. მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა კი გუნდს კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა და ორი ოქროს შემდეგ, 100 მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში  ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ალექსი ბერუაშვილმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა 1500  და 200 მეტრ მანძილზე სირბილში. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმა ლენდროვერ ჩელენჯში. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი. ჰააგაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გულშემატკივრობს. 

„ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია.