„ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ - ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღე გაიმართა
24 მარტი 2022

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას მაღალი რანგის სტუმრები გაეცნენ. საპატიო სტუმრების დღის ფარგლებში სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლა ძანელიმ.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის ვიდეომიმართვები მოისმინეს. სწავლების შესახებ ბრიფინგი კი მონაწილეებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ წარუდგინა. ღონისძიებას დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე დევიდ კატლერი, ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელა, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვების შემდეგ სტუმრებმა სწავლების რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერეს და სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. 

“ნატო-საქართველოს სწავლება 2022” არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარჩვევებს ავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. საშტაბო სწავლების დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. ეს არის ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში რიგით მესამე სწავლება, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს, ხოლო მეორე 2019 წელს გაიმართა. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ვიდეო რეპორტაჟი