ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა 
23 მარტი 2022

საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა ნატოს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 


საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. 
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. 

აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება.