საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
23 დეკემბერი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ბაქოში მან შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა. კერძოდ, ორმხრივი ფორმატის განხილვისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოსსამმხრივი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოვებს ჩვენი ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.

მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას.