ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2021 დაიწყო
30 ნოემბერი 2021

საქართველო მეორედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკურ სწავლებას IEL MILU 2021-ს Infrastructure Engineering for Logistics Multinational Integrated Logistic Unit – საინჟინრო ინფრასტრუქტურის ლოჯისტიკური მხარდაჭერის მრავალეროვნული ინტეგრირებული ლოჯისტიკის ქვედანაყოფი.

კურსი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. წვრთნების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, მართვისა და კონტროლის პროცედურების დახვეწა, ასევე  ქართველ და პარტნიორ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა წარმოადგენს.
სამხედრო მოსამსახურეებს კურსის გახსნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,  ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და საინჟინრო და ლოჯისტიკის გვარეობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სწავლება საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ტარდება.
საქართველო აღნიშნულ წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობდა და 2015 წელს მასპინძელი ქვეყანაც გახდა. წვრთნების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესს წელსაც საქართველო ხელმძღვანელობს  და სწავლებაში შესაბამისი ქვედანაყოფების კავშირგაბმულობისა და EOD ჯგუფებით არის წარმოდგენილი.

 

ვიდეო რეპორტაჟი