თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალისთვის SNGP-ის ფარგლებში ტრენინგი მიმდინარეობს 
24 ოქტომბერი 2021

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალების სარდლობებისა და ქვედანაყოფების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი დაიწყო. კურსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, გერმანელ და ჰოლანდიელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ძალებში სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ტრენინგს პოლკოვნიკ იურგენ მუნტენაარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის/ევროპული სამედიცინო სარდლობის ჯგუფი ატარებს და ქართული მხარისთვის ნატოს წამყვანი სამედიცინო დოქტრინების გაცნობას ისახავს მიზნად. ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში  მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ. მსმენელები ბრიგადის საბრძოლო ოპერაციების დროს სამედიცინო დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო შესაძლებლობების ინსტიტუციურ დონეზე განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი