მეოთხე მექანიზებული ბრიგადის იუბილე 
18 ოქტომბერი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადა 17 წლისაა. იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალი ვაზიანში გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების სახელით მიულოცა. ცერემონიალის დაწყებამდე სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული", "გიორგი ანწუხელიძე", "გენერალი მაზნიაშვილი", "გენერალი კვინიტაძე" და "ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე სროლასა და ფიზიკურ მომზადებაში სამ საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეს ბრიგადის საპატიო დაფა გადაეცა, ასევე, ორი სამხედრო საშტატო იარაღით დაჯილდოვდა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში სპორტული შეჯიბრიც გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა. 

1991 წელს, შინაგანი ჯარების ბაზაზე, პირველი ოპერატიული პოლკი ჩამოყალიბდა. 1992-1993 წლებში, პირველი ოპერატიული პოლკი პირველ ოპერატიულ ბრიგადად გარდაიქმნა. 2004 წელს, პირველი ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე, IV ქვეითი ბრიგადა შეიქმნა, რომელიც 2013 წლის 18 ოქტომბერს, მე-4 მექანიზებულ ბრიგადად ჩამოყალიბდა.

ვიდეო რეპორტაჟი