საქართველო პარტნიორების მიერ ავღანეთიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში მხარდამჭერ ოპერაციებს ახორციელებს
26 აგვისტო 2021

საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში საქართველო პარტნიორების მხარდამჭერ ოპერაციებს ახორციელებს და სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე რეგიონული სატრანზიტო ჰაბი ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს: ქართველი, ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ტერიტორიაზე მოეწყო კარვები, სამედიცინო პუნქტები, სადაც ავღანეთიდან ტრანზიტით სხვა ქვეყნებში მიმავალ მგზავრებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. საქართველოს თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს ბანაკის ყოველდღიურ მომსახურებას.  

თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან უკვე თბილისის აეროპორტის გავლით ხდება ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა სხვადასხვა ქვეყნებში  პარტნიორების მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით.

ვიდეო რეპორტაჟი