თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოში უკრაინის ახალ თავდაცვის ატაშეს შეხვდა
19 აგვისტო 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უკრაინის ახალ თავდაცვის ატაშეს საქართველოში, გენერალ-მაიორ სერგი კრავჩუკს შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა უკრაინელ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან უკრაინის ყოფილ თავდაცვის ატაშეს, გენერალ-მაიორ იგორ ოსტაპენკოს საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტები აქვთ და მჭიდრო ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ სამუშაო ფორმატებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ლელა ჩიქოვანმა უკრაინასთან სტრატეგიული საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დინამიკა დადებითად შეაფასა. 

საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ქართველი და უკრაინელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. მხარეებმა დაშავებული უკრაინელი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით საქართველოს მხარდაჭერაც აღნიშნეს.