თავდაცვის მინისტრი სამებაში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა 
13 აგვისტო 2021

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დღეს დაღუპულთა პატივის მისაგებად სამებაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. სამებაში იმყოფებოდა ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირიდან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. აფხაზეთის ომში მებრძოლ კონსტანტინე ანდრიაძეს ხვალ, დიღომში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ხოლო უკრაინელ სამხედროს სამებიდან სამშობლოში, ქალაქ ლვოვში გადაასვენებენ, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად განხორციელდა.

ვიდეო რეპორტაჟი