Agile Spirit 2021 დასრულდა
6 აგვისტო 2021
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021, რომელსაც საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი სამხედროებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ბატალიონმა პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად თავდაცვითი და კონტრ-შეტევითი ოპერაციები განახორციელა.
 
სწავლებაში გამოყენებული იყო როგორც ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, ისე ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, საარტილერიო დანადგარები, ნაღმმტყორცნები და იროკეზის ტიპის ვერტმფრენი, ასევე აშშ-ის შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60.
 
პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად შეტევითი ოპერაცია მრავალეროვნული ბატალიონის შემადგენლობაში მყოფმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა ორი მხრიდან დაიწყო. პირველმა ჯგუფმა პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად ჯავშანტრასპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და მსხვილკალიბრიანი შეიარაღება გამოიყენა. მეორე ჯგუფმა კი, იროკეზის ტიპის ვერტმფრენიდან დესანტირება სწრაფი დაშვების თოკებით განახორციელა. სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გამოსვლის შემდეგ აფეთქების გზით მოწინააღმდეგის ერთ-ერთი გამაგრებული ობიექტი განადგურდა.
 
ამის შემდეგ კონტრ-შეტევით ოპერაციაში ქართულ-ამერიკული სამხედრო პოლიციისა და ქართულ-უკრაინული ქვეითთა ქვედანაყოფები, ასევე საარტილერიო დანადგარები და სატანკო ოცეული ჩაერთო. საბრძოლო პოზიციების დაკავების შემდეგ, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის ფიქსირებისთვის ჯაველინის ტანსკაწინააღმდეგო სისტემებიდან ცეცხლი გაიხსნა. კონტრ-შეტევითი ოპერაცია საბრძოლო და ჯავშანმანქანებით საბრძოლო პოზიციებზე შესვლით, მასიური ცეცხლის მხარდაჭერითა და სატანკო ოცეულის მიერ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებით დასრულდა.
 
საჩვენებელი სწავლების შემდეგ საიუბილეო Agile Spirit-ის ოფიციალური დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტმა, გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა. სიტყვით გამოსვლისას მათ პარტნიორობის ძალაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ კონტექსტში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობა აღნიშნეს.
 
Agile Spirit 2021 მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.