ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა
22 ივლისი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში გრძელვადიანი დაგეგმვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.  

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ათწლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად და იმ ნაბიჯების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე  გადაიყვანს. „ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტია და შესაბამისად, მისი გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შეკრებილ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროს  საშუალო და მოკლევადიანი დაგეგმვის დოკუმენტების, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისა (SDR) და მინისტრის დირექტივების პრიორიტეტებიც გააცნო. როგორც მან აღნიშნა, უწყების სამოქმედო გეგმით  განსაზღვრული პრიორიტეტები თანხვედრაშია გამოწვევებთან, რომლის წინაშეც დღეს თავდაცვის ძალები დგას. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს.

თავდაცვის უწყების გრძელვადიანი გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე - უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების გზები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება, საჰაერო, სადაზვერვო და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ამოცანით მართვა და მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა და სხვა.

თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.