აშშ–ის ელჩი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
2 მაისი 2015
აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია. ელჩი თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. ჯონ ბასმა მინისტრთან ერთად წელს დაარსებული ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ნახა – საკლასო ოთახები, საცხოვრებელი კორპუსები, სპორტული დარბაზი, სასადილო, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები.
„ჩვენთვის ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – სამხედროების განათლება და ტრენინგი. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ–ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს მომავალში მნიშვნელოვან შევსებას შეიარაღებული ძალების. ლიცეუმმა გაამართლა, ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მეორე მსგავსი სასწავლო ცენტრის გახსნას აღმოსავლეთ საქართველოში,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
როგორც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დათვალიერების შემდეგ ამერიკის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანას გაწვრთნილთან ერთად განათლებული სამხედრო ყავს, – „მოხარული ვარ, რომ მინისტრ ახალაიასთან ერთად შესაძლებლობა მომეცა მენახა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს თავდაცვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები კი საქართველოს პარტნიორად რჩება და ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში,“ განუცხადა ჟურნალისტებს ჯონ ბასმა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს ყველა კუთხიდან კონკურსის წესით შერჩეული 300 კადეტი სწავლობს. სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიის, სამხედრო საქმის, ტოპოგრაფიის და ინფორმატიკის შესწავლას გულისხმობს.