თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს
1 ივლისი 2021

თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით, „ისარი 2021“-ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სწავლებაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

„ისარი 2021“ - ის სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. აღნიშნული სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედროებმა ჩასაფრების, რეიდისა და შენობის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. სწავლება ექვსი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით იყო დატვირთული. საველე პირობებში სწავლების განმავლობაში სამხედროებმა წყალსაცავზე წყლის დაბრკოლების გადალახვის, შტაბის მართვის პუნქტის გაშლის და ამოქმედების, ტაქტიკური სამედიცინო მომზადებისა და თვითგადარჩენის უნარების დახვეწა შეძლეს.

​სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის მართვის პროცედურების და საბრძოლო ბრძანებების შემუშავებასა და გაცემაში უნარ-ჩვევების დახვეწას, გეოსივრცითი დაზვერვის მასალების გამოყენებას, რეკოგნოსცირების ოპერაციების დაგეგმვასა და ამოცანით მართვის პრინციპების გათვალისწინებით, მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებას. საჩვენებელი სწავლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები გადასცეს. 

ვიდეო რეპორტაჟი