საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა      
30 ივნისი 2021

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და არსებული გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი. 

დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა. თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც ნატო-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება.  მინისტრი მიესალმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ და ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩაურევლობის შესახებ.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

ვიდეო რეპორტაჟი