JTEC-ის ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცა
23 ივნისი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.

ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. ნორვეგიელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC- ის განვითარებაში. მისი მხარდაჭერით, 2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი JTEC-ის, როგორც ნატოსთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენის ინიციატივით, ნორვეგიის მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.