სამშვიდობო მისია
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა. სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ – მაიორი დევი ჭანკოტაძე დახვდნენ. გაერთიანებული შტაბის უფროსმა მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა სამხედროებს და წარმატებები უსურვა. “ასეულმა, რომელსაც ჩვენ დღეს დავხვდით, სამშვიდობო მისია წარმატებით შეასრულა. საბედნიეროდ, მათ შორის არ ყოფილან დაჭრილები, არ გვქონია დანაკარგი. ჩვენმა სამხედროებმა მიიღეს საკმაოდ კარგი გამოცდილება. ვულოცავ ამ წარმატებას და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას მათ, შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ ქვეყანას. ავღანეთში ამჟამად მყოფ სამხედროებს კი კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებ”- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

მესამე ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები) ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ქაბულში 2010 წლის მაისიდან იმყოფებოდნენ. ქართველი სამხედროები ბაზაზე დისლოცირებული ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად დაცვისა და უსაფრთხოების ოპერაციებს ახორციელებდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 173 სამხედრო მოსამსახურე 6 თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას ავღანეთში და დანაკარგების გარეშე დაბრუნდა საქართველოში. ისინი ქაბულში ახალმა ასეულმა ჩაანაცვლა, რომელიც მომავალი 6 თვის განმავლობაში დარჩება ავღანეთში.