საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა 
27 მაისი 2021

მარნეულის საავიაციო ესკადრილიის ტერიტორიაზე საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ოფიცრებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საავიაციო პარკის მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  

კურსდამთავრებულებს დიპლომები თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ გადასცეს. საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები 32 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას შეისწავლეს საერთო საჯარისო დისციპლინები და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საფუძვლები. ისინი საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან, საჰაერო აპარატების კონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაეცნენ. კურსდამთავრებულებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული მომზადება „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ.

ვიდეო რეპორტაჟი