გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
26 მაისი 2021

100 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი კვინიტაძე საქართველოს დაუბრუნდა. გენერალი უკანასკნელ გზაზე სამების საკათედრო ტაძარიდან გააცილეს. გენერლის ნეშტთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა მიმართა. მათ ყურადღება ქვეყნისა და თავდაცვის ძალების წინაშე გენერლის ღვაწლზე გაამახვილეს. გენერლის ნეშტის გადასვენებისას შესრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი, სამებაში სახელმწიფო დროშებისა და პირველი რესპუბლიკის დროშების ხეივნის გავლით პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. 

მამა დავითის ეკლესიის ეზოში განლაგებულნი იყვნენ საპატიო ყარაულები სახელმწიფო დროშებით. ჩოხოსნებმა სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშები სამხედრო წესის მიხედვით გენერლის შვილიშვილებს გადასცეს. სამხედრო ზალპის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მთაწმინდის პანთეონში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.