საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე აღინიშნა
26 მაისი 2021

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი 247 რეკრუტმა დადო და დღეიდან ისინი საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში - უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში. სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.

თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი. მოწვეული სტუმრები განსაკუთრებით მიესალმნენ იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც სულ ახლახან დაასრულეს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ ავღანეთში და სამშობლოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. 

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე  საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, რომელიც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შემოიტანეს. ნატო მეტონიძემ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

წელს 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლადგაწევრიანებული სამხედროები სიახლით შეხვდნენ - პირველად ფიცის დადების შემდეგ მათ ერთხმად წარმოთქვეს ჯარისკაცის მრწამსი.  

ღონისძიების დასასრულს თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილმა ახლადმოდერნიზებულმა სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და საქართველოს დროშის ფერების გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. სუ-25 ტიპის მოდერნიზებულ საბრძოლო თვითმფრინავებს კაპიტალური რემონტი სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით ჩაუტარდა. საფრენი საშუალებების რემონტი თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო სსსტც „დელტას“  მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები - „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გასულ შემოდგომაზე გადანაწილდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. თავისუფლების მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები - „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები - „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.