სემინარი მედიის გამჭვირვალობის შესახებ
2 მაისი 2015
თავდაცვის სამინისტროში მედიის გამჭვირვალობის შესახებ სემინარი გაიმართა. ნატო–საქართველოს  პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში (PDP) გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას უცხოელი ექსპერტები, სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები იღებდნენ. სემინარს მოწვეული სტუმრის სტატუსით შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის, DCAF -ის თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჰარიტონ ბუკურ-მარკუ ესწრებოდა. მედიის გამჭვირვალობის შესახებ ისაუბრეს ლიტვის და ლატვიის თავდაცვის სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა - აირის რიკვეილისმა და მარიუს ალეკნამ.  თავის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტმა სემინარის მონაწილეებს 2010 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
უცხოელმა სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. საქართველოში არსებული საინფორმაციო გარემოს შესახებ კი მათ ინფორმაცია  უშუალოდ ყველა წამყვანი ქართული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელობისგან მოისმინეს.
როგორც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა მარიუს ალეკნამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის მიზანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვაა. მისი თქმით, მომავალ წელს ლიტვა და ლატვია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ სფეროში აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ.