აშშ-ის ელჩი კრწანისის სასწავლო ცენტში
2 მაისი 2015
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა. ელჩი თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მათ სამხედრო ბაზა დაათვალიერებინა. სტუმრები  ბაზაზე არსებულ სიმულაციურ სასწავლო ცენტრს ეწვივნენ  და საჩვენებელ წვრთნებსაც დაესწრნენ. ასევე გაეცნენ თუ როგორ მიმდინარეობს რეკრუტების მომზადების და სამხედროების გადამზადების პროცესი. “ეს არის ძირითადი სასწავლო ცენტრი, სადაც მიმდინარეობს როგორც პირველადი მომზადება რეკრუტების, ასევე მოქმედი სამხედროების გადამზადება. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს საინტერესო წინსვლა. რაც შეეხება სასწავლო სიმულაციებს, რომელიც ბოლო პერიოდში დავნერგეთ, მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა... რა თქმა უნდა, ბატონი ელჩი გაეცნო 33-ე ბატალიონის მომზადების პროცესსაც”- განაცხადა თავდავის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

ვიზიტის ფარგლებში ჯონ ბასმა მოინახულა 33-ე ბატალიონი, რომელიც ემზადება ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ჩასანაცვლებლად. ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ბატალიონის მომზადებას და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ამ ოპერაციაში მონაწილეობისათვის. “ჩვენ თავად ვიხილეთ, რომ თავდაცვის უწყების მიერ სწორადაა შერჩეული ჯარების ტიპი და წარმატებით მიმდინარეობს სამხედროების პროფესიული მომზადება. ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოსი იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენ ვიცით საქართველოს დანაკარგების შესახებ და მათ ოჯახებთან ერთად მწუხარებას ვიზიარებთ და გამოვთქვამთ მადლიერებას შეტანილი წვლილისთვის “- განუცხადა ჟურნალისტებს ვიზიტის დასრულების შემდეგ ჯონ ბასმა.