თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ შვედი ექსპერტი დააჯილდოვა
14 აპრილი 2021

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნიკ ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,  გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ტომას გილმანმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. შვედმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ღონისძიებას SNGP-სა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შვედი ექსპერტი JTEC-ს წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვაში დახმარებას უწევდა და ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა. მნიშვნელოვანია ექსპერტების წვლილი JTEC-ის განვითარებასა და წარმატებაში; 2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას.