თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა
29 მარტი 2021

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში და წლების განმავლობაში გაწეული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებულ ინიციატივებზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს.

შეხვედრას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი დაესწრო.