ესტონელი გენერლის ვიზიტი
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე ესტონეთის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, გენერალ–ლეიტენანტ ანტს ლაანეოტსის შეხვდა. მხარეებმა განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს სამშვიდობო მისიების ეფექტურად წარმართვის გზებზე და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. ანტს ლაანეოტსისმა გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძესთან ერთად პირველი საარტილერიო ბრიგადა დაათვალიერა. როგორც ბაზის მონახულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, ესტონეთის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ – „საქართველო-ესტონეთის ერთობლივი პროექტების ძირითადი მიზანი მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადება და სამშვიდობო მისიების   ეფექტურად წარმოებაა. შეხვედრაზე სწორედ ასეთი პრიორიტეტული  საკითხები  განვიხილეთ,“– განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა.

„საქართველოში პირველად 2008 წლის ივნისში ვიყავი. მას შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, როგორც სამოქალაქო ისე  ინფრასტრუქტურის კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ ერთმანეთს შეიარაღებული ძალების მშენებლობის მიმართულებით გავუზიარეთ გამოცდილება, ასევე გავცვალეთ ინფორმაცია ISAF-ში მონაწილეობის შესახებ. ესტონელები და ქართველები ძალიან საშიშ რეგიონში, ჰელმანდის პროვინციაში გვერდიგვერდ ასრულებენ სამშვიდობო მისიას,“ – განაცხადა ანტს ლაანეოტსისმა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების გამო  და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

დღესვე ესტონეთის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა სამხედრო სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში ანტს ლაანეოტსი უკვე შეხვდა დაზვერვის სამსახურის უფროსს გელა ბეჟუაშვილს. ის ასევე გამართავს შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ნოდარ ხარშილაძესთან. ანტს ლაანეოტსი საქართველოს 4 დეკემბერს დატოვებს.