1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
22 თებერვალი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები კოჯორში შეკრებილ სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ჯარისა და სახალხო გვარდიის ის მებრძოლები გაიხსენეს, რომლებმაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს.

მემორიალთან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები, სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები, ასევე, ორგანიზაცია „აისის“ წევრები იმყოფებოდნენ. კოჯორში შეკრებილ საზოგადოებას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს. „თბილისის დამცველთა დღე“ ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.

ვიდეო რეპორტაჟი