თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
27 იანვარი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაური მონსში, მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE) იმყოფებოდა, სადაც მას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მოუწყვეს. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსსა და ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ერიკ ვენდტს შეხვდა. 

ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და ამბიციური რეფორმების მთავარ მიმართულებებზე.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე, მრავალეროვნულ სწავლებებს.

გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. 

ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ერიკ ვენდტთან შეხვედრაზე კი, ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბთან თანამშრომლობისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საკითხები განიხილეს. 

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.

ვიდეო რეპორტაჟი