საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი.
ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია, მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.