ახალი რექტორი
2 მაისი 2015
 თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად ანდრო ბარნოვი დაინიშნა. სამხედრო ექსპერტი ახალ თანამდებობაზე  შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ დღეს წარუდგინა.  როგორც წარდგენისას ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, ანდრო ბარნოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტია და მასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა თავდაცვის რეფორმირების და ნატოში ინტეგრაციის პროცესში – „ის საკმაოდ დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით. ბოლო წელს განსაკუთრებული ორმხრივი ინტერესი იქნა გამოთქმული განათლების სფეროში განხროციელებული რეფორმებისადმი. ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ პატივი გვაქვს, რომ ბატონი ანდრო ჩაუდგეს სათავეში თავდაცვის ეროვნულ აკადემიას და ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანი იქნება, რომ აკადემია იქცეს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ, თანამედროვე ინსტიტუტად,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. 
„თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით  რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს, მათ შორის განათლების სფეროში და ისე მოხდა, რომ ბოლო დღეებში შევთანხმდით იმაზე, რომ მოვკიდებთ ხელს ამ საქმეს და ვეცდები, აკადემია ვაქციო ისეთ სასწავლებლად მთელი სამინისტროს, გაერთიანებული შტაბის და შეიარაღებული ძალების თითოეულ წარმომადგენელთან ერთად, როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩვენს ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით ყველანი ერთად წარმატებულები ამ გზაზე,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.