მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა
6 იანვარი 2021

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს. 

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ გააცილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. 

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

ვიდეო რეპორტაჟი