თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მართვის ცენტრიდან მიულოცეს
31 დეკემბერი 2020

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა დამდეგი ახალი წელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის  ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილი აღნიშნა, ღირსეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მყოფ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება, მათ ოჯახებს კი, ბედნიერი 2021 წელი უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა ავღანეთში რამდენიმე ლოკაციაზე - ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულში, მაზარ-ი-შარიფსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში - ბაზა „უკატექსზე“ განხორციელდა.

ვიდეო რეპორტაჟი