ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილეს
5 დეკემბერი 2020

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს. მათ ქართულ კონტინგენტს კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. 

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

ვიდეო რეპორტაჟი