გიორგობის დღესასწაულზე სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნები გადაეცათ
23 ნოემბერი 2020

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. მინიატურული წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.
 
გიორგობის ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში მდებარე ცოტნე (დადიანი) აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოსებმა მინიატურული ახალი აღთქმა დასავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას და ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას დაურიგა და მისი ტარების ტრადიციისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.  
 
მინიატურული ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი, მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.

ვიდეო რეპორტაჟი