თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გახსნეს
16 ოქტომბერი 2020

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.
ახალი შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნეს. მინისტრები ახალი საამწყობრო საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნენ და განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება. 

ახალი საამწყობრო საწარმო საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაათვალიერეს, რომლებიც “დელტასა”და “თბილავიამშენში” სტაჟირებას გადიან. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, „თბილავიამშენსა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აგვისტოში გაფორმდა, რაც ყოველწლიურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე ახალ საამწყობრო საწარმოში საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების რემონტი მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1 „იროკეზის“ ტიპის და L-39 სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

საავიაციო ქარხნის  ტერიტორიაზე პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - საფრენი აპარატების ავზებისა და რეზინის ნაკეთობების საწარმოს კაპიტალური რემონტი, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სამრეცხაო უბნის მშენებლობა-მოწყობა, სხვადასხვა საამქროების მაღალი ხარისხის სახურავებით გადახურვის პროცესი და სხვა.

ვიდეო რეპორტაჟი