კრწანისში საერთო საჯარისო ცენტრის ახალი ბაზა გაიხსნა
9 ოქტომბერი 2020

თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, საერთო საჯარისო ცენტრი ერთ-ერთია, რომლის ტერიტორიაზე არსებული შენობების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულდა. დაბა კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 21 შენობას, მათ შორისაა საყაზარმე, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეები. განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საჯარისო ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თანამედროვე ჯარს და მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურა სჭირდება და განახლებული ბაზა, სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი ნაწილია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ქართველი სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების, თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საერთო საჯარისო ცენტრის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და განხორციელებულ სამუშაოებს დეტალურად გაეცნენ. განახლებულ შენობებში მოეწყო უახლესი სანტექნიკით აღჭურვილი სველი წერტილები, დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ოთახები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და მოპირკეთდა ფასადები. ცენტრის ტერიტორიაზე დასრულდა საკანალიზაციო და წყლის ცენტრალური მაგისტრალების გაყვანა, დაიგო ბეტონის შიდა გზები, აშენდა თანამედროვე სტანდარტის ორი მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდა გარე განათების სისტემები. 

საერთო საჯარისო ცენტრში შემავალი 5 სკოლის დაქვემდებარებული კურსების მეშვეობით 100-ზე მეტი სასწავლო პროგრამა ფუნქციონირებს. ცენტრი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს დაქვემდებარებული სასწავლო პროგრამების ერთ სივრცეში განთავსებას, პარალელურ რეჟიმში უფრო მეტი სასწავლო პროგრამის ჩატარების შესაძლებლობასა და რეკრეაციულ სივრცეებში (საკონფერენციო დარბაზი, საგამოცდო სივრცე, ბიბლიოთეკა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო და გასართობი დარბაზები, ორი სპორტული მოედანი) ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას.

ვიდეო რეპორტაჟი