საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა
30 სექტემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით, უკვე დაწყებულია საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ. 

დღეს ვაზიანში, მე-4 სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საცდელი-საჩვენებელი სროლები განახორციელეს და 100 მეტრის დისტანციაზე სროლები შეასრულეს. აღნიშნული ტიპის ტყვიამფრქვევი ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უწყობს ხელს.
პირველ ეტაპზე M249 ტიპის ტყვიამფრქვევებით საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის (GDRP) პროგრამით მომზადებული, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების დაკომპლექტება განხორციელდება. 

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ვიდეო რეპორტაჟი