„ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა
18 სექტემბერი 2020

„ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძონ საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნის და საერთო ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დახურვის ცერემონიალზე.

ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მოწყობილ ქართველ, ამერიკელ, ბრიტანელ, ფრანგ და პოლონელ სამხედროებს ირაკლი ღარიბაშვილმა წვრთნების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „მრავალეროვნული სწავლებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება, რომ ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან ჩვენს პარტნიორთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნის და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ჩვენი მტკიცე პარტნიორობა. ამ პარტნიორობას კი, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული ნდობა კიდევ უფრო ამყარებს“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.  

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ჩატარების შედეგად გაღრმავდა საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის დონე. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს და პარტნიორ ქვეყნებს სწავლებაში მონაწილეობის მიღებასა და მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას და სწავლებაში მონაწილე სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მრავალეროვნულ გარემოში მოქმედებების მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურეები მაღალ დონეზე ასრულებენ დასახულ ამოცანებს, რაც მათ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაზე მეტყველებს.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლებაში მონაწილეთა დაჯილდოებით დაიხურა. უცხოელ სამხედროებს კი, სწავლებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედალი -„ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ.