თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები კიბერსწავლებაში “Amber Mist 2020” მონაწილეობენ
14 სექტემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში დისტანციურ ფორმატში მონაწილეობენ.

სწავლება “Amber Mist 2020” კიბერინციდენტების რეალურ დროში გამოვლენითა და რეაგირების ადეკვატური მექანიზმების უზრუნველყოფის გზით, მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, იზრდება რისკები კიბერსივრცეში, სადაც არ არსებობს საზღვრები. შესაბამისად, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. “Amber Mist“ საერთაშორისო ხასიათის სწავლებაა და მასში ჩართულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოს გუნდი, უკრაინელ კოლეგებთან ერთად ღონისძიებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.