„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია
4 სექტემბერი 2020

საქართველო მრავალეროვნული სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიურად ემზადება. წვრთნაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ ფოთის პორტში უკვე შემოვიდა. გემიდან ჩამოიტვირთა ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომელიც ფოთის პორტიდან სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადაადგილდა.
 
ამერიკული სამხედრო ტექნიკის კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე 6 და 8 სექტემბერს თვითსვლით გადაადგილდება.  
 
ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოდის.  
 
სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეო რეპორტაჟი