არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
3 აგვისტო 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებულ გუნდს - თბილისის „თბილისს“ ტურნირისთვის დაწესებული გარდამავალი თასი გადასცა.  

თბილისის „თბილისისა“ და ბათუმის „ბათუმის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფინალური ასპარეზობა თბილისის „თბილისის“ ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით - 6:0 დასრულდა. 

ფინალური მატჩი სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ „მზიურის“ საფეხბურთო სტადიონ „მასტერ კლას-არენაზე“ გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი და ამპუტანტ ფეხბურთელთა სხვა გულშემატკივრები დაესწრნენ. 
არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს თასზე, 2018 წელს დაარსდა.

ვიდეო რეპორტაჟი