კოჯორში თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის დროშის გადაბარების ღონისძიება გაიმართა
31 ივლისი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო დროშა დღეს ახალ მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში სიმბოლურად გადაეცა. მას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობრივი უფლებამოსილება წინამორბედმა კობა ცირეკიძემ გადააბარა. მთავარ სერჟანტს საბრძოლო დროშის გადაბარება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი თავდაცვის ძალების ის ხერხემალია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინის, გაწვრთნისა და საბრძოლო მოტივაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.  გიორგი გოგოჭურს ახალი თანამდებობა მიულოცა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

გიორგი გოგოჭურმა თავდაცვის ძალებში მსახური 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურით დაიწყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ოცეულის, ასეულის, ბატალიონის და ბრიგადის სერჟანტის პოზიციებს, ასევე იყო JTEC-ისა და აღმოსავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში.  

ღონისძიებაზე სამხედროებს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნეს. მინისტრის გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესახებ. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. საუკეთესო სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.

ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციის და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმებით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

ვიდეო რეპორტაჟი