თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი 28 წლის გახდა
24 ივლისი 2020

საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო ინჟინრებს ბატალიონის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცა.

დაარსების დღიდან საინჟინრო ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში და საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული საომარი მოქმედებების დროს დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან დაბინძურებული ტერიტორიების განაღმვაში.

საინჟინრო ბრიგადა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) შემადგენლობაში 2011 წლიდან მონაწილეობს.

ბატალიონის პირადი შემადგენლობა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, Covid-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთო და მათ წინაშე დასმულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.

დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის უწყებრივი მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდნენ. სამხედრო ინჟინრებს ასევე გადაეცათ: საშტატო იარაღი, უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელები. სამხედრო მოსამსახურეები კაპელანმა მამა ზაქარიამ დალოცა.

ბატალიონის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ბრიგადაში არსებული სხვადასხვა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს.

ვიდეო რეპორტაჟი