„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
17 ივლისი 2020

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა დასრულდა. პროგრამის მე-9 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში - „არმიჰოლი“ გაიმართა.

სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 70 მსმენელმა დაასრულა. ისინი, სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ომის ოპერატიულ დონეს, სამხედრო ისტორიას, ასევე თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. კურსდამთავრებულებს სიტყვით გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და მათ სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარჩინებული მსმენელები საშტაბო იარაღითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. 
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა. 

დღესვე, „არმიჰოლში“ თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის შესახებ გამართული ესსეების კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.

ვიდეო რეპორტაჟი