ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის MISP-ის მომხმარებელთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
24 ივნისი 2020

დღეს, 24 ივნისს კიბერუსაფრთხოების ბიურომ პირველად მიიღო მონაწილეობა ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის MISP-ის მომხმარებელთა სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში. 

შეხვედრა გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიურომ პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოში კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. 

მოგეხსენებათ, 2012 წლის მაისში NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე საფუძველი ჩაეყარა გონივრული თავდაცვის ინიციატივას (Smart Defence Initiative), რომლის მიზანია უსაფრთხოების სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებთან გამკლავება ერთიანი ძალისხმევით. 

ინიციატივის ფარგლებში, ხორციელდება პროექტი NATO – MISP (Malware Information Shairing Platform), რომელიც ემსახურება საფრთხეებისა და მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლით NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

მავნე კოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა ითვალისწინებს კონტენტის გარეშე კიბერინციდენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო მიმოცვლას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან.

თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აღნიშნულ პროექტს 2016 წლის იანვრიდან მიუერთდა, ხოლო პლატფორმის სრულუფლებიანი წევრი, ნატოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვარში გახდა.