საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
27 მაისი 2020

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნა. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცეს. 

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. მათ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. 
„დღეს, ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებასა და მებრძოლ სულს ემყარება. თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების თავდადება და ვეტერანების დამსახურება ქვეყნის წინაშე. 

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და მთავარმა სერჟანტმა თავდაცვის ძალების წარმატებულ წარმომადგენლებს უწყებრივი ჯილდოები - მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცეს. ღონისძიება გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და ინვენტარის დათვალიერებით დასრულდა. 

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების სხვა ქვედანაყოფებშიც გაიმართა. სამხედრო ბაზებზე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.