თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად დისტანციური სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება
20 მაისი 2020

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აქტიურად განაგრძობენ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი, რომლის სპიკერები იყვნენ როგორც ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტის ექსპერტები, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კურსში მონაწილეობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა ტონ ვან ლუნმა, რომელიც 2006-2007 წლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიის სამხრეთის რეგიონულ სარდლობას ხელმძღვანელობდა. გენერალმა განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების ტენდენციები და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში ნატოს როლი.

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტთან თანამშრომლობით დაიწყო ტრენინგი - “ფსიქოლოგიური მედეგობის განვითარება". კურსის მიზანია თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება და ფსიქოლოგიური მედეგობისათვის საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაჭრილი სამხედროები გაუძღვებიან.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საერთო სასწავლო ციკლში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირებას ეფექტიანად ახორციელებს. ამ პროცესში სკოლას მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფი, ასევე ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის ჩართულობით და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტი. 

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დისტანციურად ჩატარდეს ვიდეო ლექციები, ონლაინ კურსები და მასტერკლასები შემდეგ საკითხებზე: საბაზისო კიბერუსაფრთხოება,  თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება - რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირი - როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების აქტორი, პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია. აქტივობებში ტრენერებად როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.