თავდაცვის მინისტრმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უწყების თანამშრომლებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა
13 მარტი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ბრძანება გამოსცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.
საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ:
• თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
• მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
• პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.
ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება:
• გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
• ორსულ ქალს;
• ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.
აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების სხვა თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

ასევე სამინისტროს ყველა მოსამსახურემ საზღვარგარეთ დაგეგმილი პირადი ვიზიტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. გაუქმდება ან გადაიდება თავდაცვის უწყების ყველა მივლინება. ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში მოხდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს.
მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.
ბრძანების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს.

ბრძანება
დანართი 1
დანართი 2