თავდაცვის მინისტრის შეხვედრა კანადელ დიპლომატებთან
21 თებერვალი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს, ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულსას უმასპინძლა.  

შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე. მხარეებმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს, მათ შორის მრავალეროვნულ სწავლება Maple Arch-ზე, რომელსაც მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს და წელს საქართველოში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზეც ისაუბრეს. კანადის მთავრობამ რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერთავდასხმა დაგმო.